თეგი: ოკუპირებული სოხუმი

ოკუპირებულ სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა - მედია

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად ჩავიდა საკონტეინერო მატარებელი 62 კონტეინერითა და 2700 ტონა ტვირთით. შესაბამის ინფორმაციას sova.news-ი ავრცელებს. სავარაუდოდ, თურქეთში რუსული ან ჩინური ტვირთი იგზავნება. მედია წერს, რომ აფხაზურ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ კონტეინერები Smartlog-ს ეკუთვნის. ეს არის რუსული კომპანია, რომელიც საკონტეინერო მატარებლების ორგანიზებას უზრუნველყოფს. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ტვირთის გადაზიდვას შემდეგ მარშრუტებზე უზრუნველყოფს: ჩინეთი - ყაზახეთი / თურქეთი - ჩინეთი რუსეთი – ცენტრალური აზია/აზია-წყნარი ოკეანე – რუსეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩრდილოეთი - სამხრეთი ჩინეთი - ევროპა - ჩინეთი ჩინეთი - უზბეკეთი - ჩინეთი  

ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდის დროს დააყენა „აფხაზური პასპორტების" აღიარების საკითხი

4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შეხვედრაზე "აფხაზური პასპორტებით" გადაადგილების შესაძლებლობა დააყენეს. ე.წ. აფხაზეთის დელეგაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. „აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი აფხაზეთის ეროვნული პასპორტების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დოკუმენტებად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები",- წერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინსიტრო. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ჟენევის დისკუსიებს საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა. შეხვედრები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 2022 წლის 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ. ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა.  

სოხუმის მტკიცებით, თბილისი ამახინჯებს „რეგიონში განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს“

სოხუმი ამტკიცებს, რომ თბილისი ამახინჯებს „რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე რეალურ სურათს“. ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის ანგარიშს, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 ივნისს ქვეყნის პარლამენტს მიმართავს. დეპარტამენტის დე ფაქტო შეშფოთება გამოიწვია მოხსენების ნაწილმა, რომელიც ეხება „ინტენსიურ მუშაობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გასაძლიერებლად.  სოხუმში ამ სიტყვებს თბილისის მცდელობად აღიქვამენ, „პროვოკაციებსა და შეცდომებზე“ პასუხისმგებლობა „მეზობელ სახელმწიფოებს“ დააკისროს. ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ადანაშაულებენ ჟენევის დისკუსიების მუშაობის „საბოტაჟში“, რადგან თბილისი უარს ამბობს სოხუმთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე“. „ნებისმიერ მცდელობას, რომ არსებულ წინააღმდეგობებს ქართულ-რუსული კონტექსტი მიენიჭოს, არის ხელოვნური და აბსოლუტურად უშედეგო. გარდა ამისა, საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს უკიდურესად ნეგატიური როლის შესრულებას ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წელს (5 ოქტომბერს) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთი რაუნდი გაიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 4-5 აპრილს რიგით 57-ე რაუნდი ჩატარდა, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა – რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ძალების გაყვანისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება. მთავრობა აქცენტს აკეთებს ჰააგის გადაწყვეტილებაზეც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ ჰააგის სისხლის  სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით. „ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. მთავრობა ანგარიშში ევროკავშირთან ურთიერთობას დეტალურად მიმოიხილავს. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილებისთანავე ქვეყანა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას შეუდგა და ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს მთავრობის შეფასებით, გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. „გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს NATO-ში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში საუბარია, რომ ინტენსიური ძალისხმევა იყო მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მთავრობის მხრიდან პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს. პროცედურის მიხედვით, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტს პირველ ივნისამდე წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი ანგარიშს საგაზაფხულო სესიის, ივნისი ბოლომდე ისმენს.  

ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინეს - მედია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ, „რუსეთ-აფხაზური“ „შეთანხმების“ „რატიფიცირება“ მოახდინეს. „შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი 30-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა. რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს ე.წ. ხელშეკრულება არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, იუწყება სააგენტო Apsnypress. ე.წ. დეპუტატების განმარტებით, ე.წ. ხელშეკრულების ვადა 49 წელი, „ინვესტორისთვის“ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი კი, 25 წლამდეა.  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან, დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაციაც ამოიღო შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა

ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება „აფსნი-პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა. ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის „მინისტრმა“ დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის.“ „შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეაში 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, რომლებიც ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის გამოუსწორებელი დანაკარგია. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი," - ამბობს დინარა სმირი. საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლის გაჩენის შესახებ საგანგაშო შეტყობინება სამორიგეო სადგურმა ღამით, 03:38 საათზე მიიღო. ხანძრის ჩაქრობაში სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან გაგზავნილი 11 სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა. საბოლოოდ, ცეცხლის ლოკალიზება დილის შვიდი საათისთვის შეძლეს. სამხატვრო გალერეის „დირექტორის“, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მისი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. „მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი განადგურდა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია,“ - განაცხადა საკანიამ.  

ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა. „უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა,“ - დაწერა მან ტელეგრამზე. ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა ლუბიმოვამ მომხდარს „აფხაზეთისთვის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ცნობისთვის, ხანძრის შედეგად „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი. აფხაზეთის ეროვნული გალერეა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.  

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო, უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკასაც შეიყვანენ, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით მან „მინისტრს“ სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა. შეხვედრაზე, რომელშიც „მთავრობის“ წევრებიც მონაწილეობდნენ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებაც განიხილეს. 2023 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია.  

ოკუპირებულ სოხუმში, აეროპორტის ტერიტორიასთან მცხოვრებთა გასახლება იგეგმება

ოკუოპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივთა გასახლებას გეგმავს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. როგორც ადილობრივი ტელეგრამ არხი 9Абхазский Портал) წერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუხ ნანბა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ 26 მარტს შეხვდა. ტელეგრამ არხისვე ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჯანსუხ ნანბასთან უკმაყოფილება გამოთქვა მათი გადასახლების განცხადებასთან დაკავშირებით. „შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ კომპენსაციის შემთხვევაშიც კი, ამას ყველა არ ეთანხმება,“ — აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან, დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაციაც ამოიღო შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.